მეღვინეობა აჭარაში აღორძინდა

მეღვინეობა აჭარაში აღორძინდა

აჭარაში მევენახეობა–მეღვინეობის აღორძინება მარტო ენთუზიასტებზე აღარ არის დამოკიდებული.

შპს „აჭარული ღვინის სახლის“ დაარსებით ამ დარგში გარდამტეხი ძვრები დაიწყო – გლეხები ვენახისკენ მიბრუნდნენ, ზოგიერთს მამა–პაპური მარანი და ჩხავერის, ცოლიკოურის თუ საწურის ღვინის გემოც გაახსენდა.
რამდენიმე წელიწადში აჭარის მზიან ფერდობებზე, შესაძლოა, ვენახის ულამაზესი ზვრები ვიხილოთ.
მართალია, ეს ჯერ ოცნებაა, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც „კაცი არ მოუკლავს“, არამედ – რეალური, საფუძვლიანი ოცნება.

მეღვინეობა აჭარაში

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN), ღვინის კლუბისა და ქართული ვაზის ფონდის მიერ 29–30 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოწყობილმა ექსპედიციამ ოპტიმისტურ განწყობაზე დაგვაყენა.
მართალია, აჭარაში მევენახეობა და მეღვინეობა დაკნინებულია, მაგრამ იმ სოფლებში, სადაც ეს დარგი ისტორიულად განვითარებული იყო, დღესდღეობით ვითარება ბევრად უკეთესადაა, ვიდრე მეზობელი გურიის სოფლებში.
აჭარაში მევენახეები უპირატესობას არა ჰიბრიდებს, არამედ კულტურულ ვაზს ანიჭებენ, თუმცა, ვენახებში ჰიბრიდებსაც ნახავთ.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყველაზე გავრცელებული ჯიშებია:

ექსპედიციის მონაწილეთა პირველი შთაბეჭდილებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყველაზე გავრცელებული ჯიშებია:
ცოლიკოური, ჩხავერი, სხვადასხვა ჰიბრიდები, ალადასტური, ოჯალეში, საწური.
ამ ჯიშებიდან ფაქტობრივად, მხოლოდ საწურია აჭარის აბორიგენული ჯიში.

იმერული ვაზის ჯიში ცოლიკოური აჭარაში გასული საუკუნის 30–იან წლებში გააშენეს

იმერული ვაზის ჯიში ცოლიკოური აჭარაში გასული საუკუნის 30–იან წლებში გააშენეს, როცა საბჭოთა აგრონომებმა გადაწყვიტეს, მაღლარი ვენახების კულტურა დაბლარით შეეცვალათ. მათ არჩევანი ცოლიკოურზე შეაჩერეს და არც შემცდარან.
იმერეთის ამ სახელგანთქმულმა ჯიშმა აჭარაში იმდენად კარგი თვისებები გამოავლინა, რომ ბოლოს ადგილობრივი ჯიშების ადგილიც დაიკავა.
ცნობილი ამპელოგრაფი მაქსიმე რამიშვილი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „გურიის, აჭარისა და სამეგრელოს ვაზის ჯიშები“ აღნიშნავს, რომ 1934 წლამდე აჭარაში ერთი ჰექტარი დაბლარი ვენახიც არ მოიპოვებოდა.
1945 წლისთვის კი უკვე 160 ჰექტარი დაბლარი ვენახი იყო გაშენებული და ამ ვენახების ძირითადი მასივი (90–95%) ცოლიკოურისგან შედგებოდა.
ამავე ნაშრომის მიხედვით, ცოლიკოურის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ჯიში იყო საწური (საწურავი), რომელიც სხვა აბორიგენული ჯიშების მსგავსად, აჭარელ მევენახეებს ხეებზე ან მაღლარ ხეივნებზე ჰქონდათ გაშვებული. წ
იგნის ილუსტრაციებიდან ჩანს, რომ საბჭოთა აგრონომებმა საკოლმეურნეო ვენახებში საწურის დაბლარებიც გააშენეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო საწურის უკანა პლანზე გადაწევის მიზეზი.

საწური

როგორც სოფელ კოკოტაურის მკვიდრმა, რემზი გოლომანიძემ გვითხრა, საწური საუკუნეების განმავლობაში მაღლარ ჯიშად ჩამოყალიბდა და მისი გაშენება დაბლარზე მიზანშეწონილი არ არის:
„საწური რომ ძალიან მოკლეზე გასხლა, როგორც ამას დაბლარის ვენახი მოითხოვს, მარტო ორ–სამ მტევანს დაისხამს ქვემოთკენ და ვაზის დანარჩენი ნაწილი გაიქცევა ზემოთ, გაიფოთლება და აღარ დაისხამს. ამიტომ ეს ჯიში დაბლარზე არ უნდა გააშენო. ასევეა ხოფათურიც, რომელიც ეზოში მაქვს და დაბლარზე როცა ვცადე გაშენება, არ გაამართლა“.

აჭარლები იმასაც ამბობენ – ჩხავერი ჩვენია და გურულებმა აქედან წაიღესო

სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ საწურმა ადგილი დაუთმო გურიის ჯიშს – ჩხავერს, რომელიც დღეს ქედის მუნიციპალიტეტში უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე მთელ გურიაში ერთად აღებული.
ყოველ შემთხვევაში, სამი წლის წინ ღვინის კლუბის წევრებმა გურიაში რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფელი შემოვიარეთ და ჩხავერი მხოლოდ ერთ–ორ მევენახესთან ვიპოვეთ.
ქედაში კი ჩხავერის ორი–სამი ძირი მაინც თითქმის ყველა თავმოყვარე მევენახეს აქვს მაღლარზე გაშვებული.
აჭარლები იმასაც ამბობენ – ჩხავერი ჩვენია და გურულებმა აქედან წაიღესო.
თუმცა, მაქსიმე რამიშვილის ცნობით, გასული საუკუნის 30–იან წლებში ჩხავერი აჭარაში მხოლოდ მცირე ნარგავების სახით იყო გავრცელებული.
სავარაუდოდ, იგი პოპულარული გახდა ვაზის დაავადებებისადმი შედარებით მეტი მდგრადობის გამო.
ამავე დროს, გურიაში ჩხავერი უკვე გამოცდილი ჰქონდათ დაბლარზე და საბჭოთა აგრონომებს მიაჩნდათ, რომ მისი ამ სახით გაშენება დაავადებებთან ბრძოლის საუკეთესო გამოსავალი იყო. 30–40–იან წლებში ჩხავერის საუკეთესო ვენახები არსებობდა ბახვში (ოზურგეთის რაიონი) და ქედაში.

სტალინი და ჩხავერი

ბახვში გურულები აუცილებლად მოგიყვებიან ლეგენდას, რომ საბჭოთა იმპერიის ბელადს, სტალინს ბახვისა და ქედის ჩხავერი როცა გაასინჯეს, არჩევანი ბახვის ჩხავერზე შეაჩერა და მერე მას ბახვის საკოლმეურნეო ვენახიდან უგზავნიდნენ ჩხავერის ღვინოებს. ქედაში ამ ლეგენდის საპირისპირო ვერსია შეიძლება მოისმინოთ.

გასულ საუკუნეში ქედაში გაშენებული იყო საცდელ–საკოლექციო ნაკვეთი

გასულ საუკუნეში ქედაში გაშენებული იყო საცდელ–საკოლექციო ნაკვეთი, სადაც ძირითადად აჭარის აბორიგენული ჯიშები იყო დაცული.
ამ კოლექციის მოწყობა ერთგვარად იყო დაგვირგვინება იმ მრავალწლიანი კვლევისა, რაც 30–40–იან წლებში გასწიეს ამპელოგრაფებმა, განსაკუთრებით კი – მაქსიმე რამიშვილმა. მათ სათითაოდ ჩამოიარეს აჭარის სოფლები, აღნუსხეს, დააკვირდნენ და საკოლექციო ნაკვეთებში გადმოიტანეს აჭარის აბორიგენული ჯიშები, რომელთა შესახებ ადრე მხოლოდ რამდენიმე ისტორიულ წყაროში შეიძლებოდა მწირი ინფორმაციის მოძიება. იმ დროისათვის საკოლექციო ნაკვეთში აჭარის 50–ზე მეტი ვაზის ჯიშმა მოიყარა თავი. ესენია: ალმურა თეთრი, ალმურა შავი, ახალაკი, ბათომურა, ბაღის ყურძენი, ბროლა, ბურძღალა, ბუტკო, გორგოული, ვაიოს საფერავი, თეთრა, თურვანდი, თეთრი კაიკაციშვილისეული, კვირისთავა, კიბურა, კირწწითელა, კლარჯული, კოლოში,  კორძალა, ლივანურა თეთრი, ლივანურა შავი, მათენაური, მაგარა, მეკრენჩხი, მისკიეთა, მორცხულა, მწვანურა, მწვანე აჭარული, ორჯოხული, პოვნილი, სალიკვლევი, საფერავი აჭარული, საწური (საწურავი), სხალთაური, ტყის ვაზი, ტყის ყურძენა, ქორქაულა, შავშურა, შიშველი, ჩიტისთვალა აჭარული, ჩხუში, ცვითე, ცხენისძუძუ აჭარული, წვიტე, ჭეჭიბერა, ჭიპაკური, ჭოდი, ხარისთვალა აჭარული, ხოფათური, ჯავახეთურა, ჯინეში.

კლარჯული და მახათური

აქედან ერთი–ორი ვაზის ჯიში, როგორიცაა კლარჯული და მახათური, ზოგიერთ ამპელოგრაფიულ წყაროში გურიის ჯიშებადაც არის აღწერილი. ასევე კოლოში და ჩხუში სამეგრელოს ჯიშებად მიიჩნევა. როგორც ჩანს, ეს ჯიშები ისტორიულად ამ რეგიონებში იყო გავრცელებული და ამდენად, თანაბრად უნდა ჩაითვალოს მათ ისტორიულ მემკვიდრეობად. სხვათაშორის, ალადასტურზე გურულები და იმერლები დღემდე დავობენ. ცხადია, ასეთ დავას დიდი აზრი არა აქვს, რადგან საბოლოო ჯამში, მთავარი მაინც ისაა, რომ ყველა ეს ჯიში ქართულია. შესაბამისად, ამა თუ იმ ჯიშს რომელ რეგიონშიც უფრო მეტად მოუვლიან და შეინახავენ, იმ რეგიონს უფრო მეტი უფლება ექნება, თავის შვილად მიიჩნიოს იგი.

სამწუხაროა, რომ ქედის საცდელ–საკოლექციო ნაკვეთი დიდი ხნის წინ განადგურდა

. მართალია, აჭარის ვაზის ჯიშები სხვა ამპელოგრაფიულ კოლექციებშიც არის დაცული, მაგრამ ამჟამად სასწრაფოდ არის საჭირო მათი გავრცელება მევენახე გლეხებში, ვისაც კი ასეთი იშვიათი ვაზის ჯიშების გადარჩენის საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობის სურვილი ექნება. ბოლო წლების მოვლენებმა გვიჩვენა, რომ საკოლექციო ნაკვეთების გაუქმების, გაჩეხვისა თუ უბრალოდ, მოუვლელობის გამო, უნიკალური ვაზი ჯიშების განადგურების საფრთხე რეალურია. საუკეთესო გამოსავალია, ასეთ ნაკვეთებში დაცული ჯიშები მეცნიერებმა ხალხშიც გაავრცელონ და ამ გზითაც შეუნახონ ისინი მომავალ თაობებს.

ჩვენი დაკვირვებით და ქედელი მევენახეების დახასიათებით, აჭარაში ჩხავერის დაბლარ ვენახებად გაშენება მაინცდამაინც არ უნდა იყოს მიზანშეწონილი. სასურველია, ამ ჯიშის ვენახი ოლიხნარზე იყოს ფორმირებული. მერაბ ხალვაშს დანდალოდან დიდი ხანია, ჩხავერის მაღლარი აქვს და ოჯახურ პირობებში მისი ნამყენი ნერგებიც გამოჰყავს. მისი დაკვირვებით, ჩხავერის ლერწზე პირველი ოთხი კვირტი უნაყოფოა და ამ კვირტებისაგან ნამყენი ნერგის წარმოებაც არ შეიძლება. კახელი მევენახეები, მაგალითად, რქაწითელის რქაზე პირველ ორ კვირტს მიიჩნევენ უნაყოფოდ და გასხვლისას სამამულე რქასაც ორ კვირტზე ტოვებენ, რათა ამ კვირტებმა მომდევნო წელს „იმუშავონ“. მერაბ ხალვაში ჩხავერს გრძლად სხლავს – 16–20 კვირტზე, ზოგჯერ 30–ზეც, ხოლო თუ მაღლარი მოითხოვს, 40–50 კვირტსაც უტოვებს. ასეთი დატვირთვა აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებისათვის წარმოუდგენელია. გურიისა და აჭარის ჯიშებისთვის კი ჩვეულებრივი ამბავია.

ამდენად, ჩხავერი, ხოფათური, საწური და რეგიონის სხვა ჯიშები სასურველია, არა დაბლარზე, არამედ ოლიხნარზე და მაღლარზე გავაშენოთ. შესაძლებელია ვაზის ხეებზე აშვების კულტურის აღდგენაც და ვაზის ფორმირება დაბალზე გასხლულ ხეებზე, რათა ვაზი ხელმისაწვდომი იყოს შეწამვლისა თუ გასხვლის დროს. ამისათვის საუკეთესოა ტყის ხურმა, აჭარაში ასევე პოპულარულია ლეკი, იგივე ლეკიხე. ალ. მაყაშვილის ბოტანიკური ლექსიკონის მიხედვით, ესაა Acer platanoides. აჭარაში გლეხებს სწამთ, რომ ლეკის, ისევე როგორც რთხმელის (მურყანი) ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს და ეს მასზე აშვებულ ვაზს დაავადებებისგან იცავს. აჭარის ვაზის ჯიშების ოლიხნარსა თუ მაღლარზე ფორმირებას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს, რაზეც საუბარი ამჟამად შორს წაგვიყვანს.

სოფელ ვაიოს მკვიდრმა, პროფესიონალმა ამპელოგრაფმა თეიმურაზ გორგილაძემ „აჭარული ღვინის სახლის“ ჩხავერის სადემონსტრაციო ვენახი ოლიხნარზე გააშენა.

 მისი თქმით, ჩხავერისათვის ოლიხნარი ყველაზე მისაღები ფორმაა და ტურისტებს ამ ჯიშის ვენახი ასეთი ფორმით უნდა წარვუდგინოთ.

შპს „აჭარული ღვინის სახლი“ 2010 წლიდან ამოქმედდა. ამ წელს კომპანიამ აჭარელი მევენახებისგან ორგანიზებულად პირველად ჩაიბარა ჩხავერი თითქმის ოცდაათწლიანი შესვენების შემდეგ. ფასიც შესანიშნავი იყო – 4–5 ლარი. „აჭარული ღვინის სახლის“ განკარგულებაში ამჯერად 2010 და 2011 წლის მოსავლის ღვინოებია. 2011 წლის „ჩხავერი“ (ღვინოს ჰქვია „პორტო ფრანკო“) ფერზედაც უფრო ლამაზია და გემო–სურნელიც ბევრად დახვეწილი აქვს. კომპანიის დირექტორის, მალხაზ მახარაძის თქმით, 2010 წელს ჩხავერი 1–15 ნოემბრის პერიოდში ჩაიბარეს, 2011 წელს კი დეკემბრის პირველ რიცხვებში, რა დროსაც მისი შაქრიანობა 22 %–ს აღწევდა. გვიან დაკრეფილი ჩხავერისაგან უფრო სასიამოვნო ღვინო დადგა.

„აჭარული ღვინის სახლის“ დაფუძნებით რეგიონში მევენახეობა–მეღვინეობის გამოღვიძება დაიწყო.

 მევენახე გლეხებს შემოსავლის წყარო გაუჩნდათ – ჩხავერის ძვირფასი ყურძენი, რომელსაც აქამდე განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი ღვინის ტურიზმის აღორძინებასაც გეგმავენ.
აჭარის მევენახეობა–მეღვინეობის აღორძინებაში თავისი წვლილი შეაქვს ღვინის კლუბს და ქართული ვაზის ფონდს, რომლებსაც უკვე აქვთ იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების გაშენებისა და პოპულარიზაციის გამოცდილება. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტით (USAID–ის დაფინანსებით), მაისის ბოლოს ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემის ფერდობებზე 40 მევენახის ვენახში 1500 ძირი ჩხავერი დაირგვება. ეს მევენახეები ღვინის კლუბის კრიტერიუმებით შეირჩა ისე, რომ მათ გარანტირებულად გაახარონ ჩხავერის ნერგები. CENN–ის პროექტი ფერდობებზე ერთწლიანი კულტურების (სიმინდი, ბოსტნეული) მრავალწლიანი კულტურით – ვაზით ჩანაცვლებას ითვალისწინებს, რათა ამ გზით რეგიონში შემცირდეს ფერდობების ეროზიისა და მეწყრული მოვლენების განვითარების რისკი.

წყარო : https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/natia-chkhaidze/meghvineoba-acharashi