ღვინის ტურიზმი

ღვინის ტურიზმი – რუბრიკის სარჩევი :

  1. ღვინის ტურიზმი და მისი განვითარების ხელშეწყობა (სტატია იხ. ამავე გვერდზე)
  2. ტერიტორიის ბრენდინგი
  3. ქართული ღვინის წარმოების თავისებურებანი
  4. ქვევრის ღვინო და ქვევრის ტრადიცია საქართველოში
  5. ქართული ტრადიციული სუფრა 
  6. საქართველოს მარნები
  7. ბიომევენახეობა
  8. საქართველოს ღვინის ტურიზმი
  9. ღვინის ტურიზმის ბიზნესი
  10. ღვინის ტურიზმი და მისით გამოწვეული კეთილდღეობა 
  11. ღვინის კრუიზი

ღვინის ტურიზმი

ვინის ტურიზმი და მისი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები.

არსებობს ღვინის ტურიზმის მრავალი განმარტება, თუმცა, აზრი მაინც ერთია – ღვინის ტურიზმი არის ტურიზმის სახეობა, რომლის მიზანია ვენახების, მარნების, ღვინის ფესტივალებისა და ღვინოსთან დაკავშირებული მოვლენებზე ვიზიტი, რომლის დროსაც ხდება ღვინის დეგუსტაცია, მისი წარმოების მონახულება-შესწავლა (იხ. დიაგრამა 1)
ღვინის ტურიზმი, ასევე, მოიხსენიება, როგორც ენოტურიზმი.
UNWTO-ს ღვინის ტურიზმის დეკლარაციის თანახმად, რომელიც საქართველოში ჩატარებულ კონფერენციაზე 2016 წელს მიიღეს, ღვინის ტურიზმი არის გასტრონომიული ტურიზმის ფუნდამენტალური ნაწილი.
აქვე აღნიშნულია, რომ ღვინის ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს მდგრადი ტურიზმის განვითარებას და როგორც მატერიალური, ასევე, არამატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

დიაგრამა 1. ძირითადი და დამატებითი მომსახურეობა ღვინის რეგიონებში

ღვინის ტურიზმი არის ტურიზმის ისეთი ნაწილი, რომელიც შეიძლება დავუკავშიროთ ტურიზმის ისეთ სახეობებს, როგორებიცაა აგროტურიზმი და ეკოტურიზმი. აგროტურიზმი მოიცავს ვიზიტებს ფერმებში ან რაიმე სასოფლო-სამეურნეო და სამებაღეო ადგილებში, მათ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების ან განათლების მიზნით; ეკოტურიზმი არის საპასუხისმგებლო მგზავრობა ბუნებრივ ტერიტორიებზე, რომელიც არ აყენებს ზიანს გარემოს, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და მოიცავს თანამშრომლობასა და განათლებას (The International Ecotourism Society, 2015).
სპეციალიზებული ღვინის ტური, შეიძლება ჩაერთოს ამ სახეობების ტურების პროგრამაში. თუმცა, ბოლო დროს, აქტუალურია მხოლოდ ღვინის ტურიზმის პროგრამით მოგზურობა.
ყველაზე წარმატებულ ღვინის რეგიონებში შემუშავებულია ეფექტური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს შთამბეჭდავ გამოცდილებას სტუმრებისთვის.
ღვინის მწარმოებელი ქვეყნები წლის განმავლობაში ატარებენ ფესტივალებს, კონფერენციებს, გამოფენებს და სხვა ღონისძიებებს ღვინის თემატიკასთან დაკავშირებით.
ბევრი წარმოება ატარებს ღვინის ტურებს საკუთარ მარანში, სადაც სთავაზობენ ღვინის დეგუსტაციას, წარმოების ეტაპების გაცნობას, ვენახების დათვალიერებას.
საქართველოში ასეთ ტურში შედის ჩურჩხელის დამზადება და თონის პურის გამოცხობა, ასევე, ტურისტი ეცნობა ჭაჭის გამოხდის ტექნოლოგიას.
ბევრ მსხვილ მეღვინეობას მარნის ტერიატორიაზე აქვს სასტუმროები, სადაც ტურისტს სთავაზობენ სპა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს (საქართველოს შემთხვევაში შეიძლება დასახელდეს შუხმანის მეღვინეობა, რომელიც სთავაზობს ტურისტებს ღვინის სპას პროცედურებს), ჯირითს, ველოსიპედით სეირნობას და ა.შ.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ღვინის ტურიზმს შეუძლია მოუტანოს მნიშვნელოვანი შემოსავალი მასში მონაწილე კომპანიებს, თუ კი ისინი დიდ წვლილს შეიტანენ კულტურული და ბუნებრივი რესურსების დაცვაში.
ენოტურიზმი არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ განვითარდეს სოფლის ტურიზმი.
მაგალითად, საქართველოში სოფლად ძალიან ბევრ ოჯახს აქვს საკუთარი მარანი.

სწორი ბიზნეს გეგმის შედგენისას და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად საოჯახო მარნებს შეუძლიათ სტუმრების მიღება.

არსებობს სამი კატეგორიის ღვინის ტურისტი:

  1. ღვინის მოყვარული – მარნის გამოცდილი ვიზიტორი, რომელსაც აქვს მაღალი შემოსავალი და შესაბამისი განათლება, რომელიც შეიძენს ღვინოს მარანში
  2. ღვინით დაინტერესებული – სტუმრობს ღვინის რეგიონებს, თუმცა ღვინო არ არის მოგზაურობის თავდაპირველი მიზანი, აქვს ზომიერად მაღალი შემოსავალი და უმაღლესი განათლება, შეიძენს ღვინოს.
  3. ცნობისმოყვარე ტურისტი – გააჩნია ღვინისადმი საშუალო ინტერესი, მარანი მათთვის არის მორიგი ატრაქცია, აქვს საშუალო შემოსავალი და განათლება, შეიძლება შეიძინოს ღვინო.

ზოგი ექსპერტი გამოყოფს მეოთხე ტიპის ტურისტსაც, რომელიც არ არის დაინტერესებული ღვინით და უბრალოდ მოგზაურობს ჯგუფთან ერთად ტურში.
GWC-ს კვლევის თანახმად, ღვინის ტურისტები ძირითადად მამაკაცები არიან. ენოტურისტების უმეტესობას წარმოადგენენ საშუალო ასაკის ადამიანები (36 – 55 წელი).
რაც ყველაზე მეტად აღსანიშნია, უცხოელების და ქვეყნის მოქალაქეების ღვინის ტურისტების თანაფარდობა თითქმის 1:1-ზეა.
ჩემი აზრით, ღვინის ტურიზმი არის ტურიზმის აქტუალური სახეობა, რომლის მეშვეობითაც ტურისტები ეცნობიან ქვეყნისა და მისი მოსახლეობის კულტურას, ტრადიციებს და ადათ-წესებს.
მით უმეტეს საქართველოს შემთხვევაში – ღვინო ქვეყნის 8000 წლიანი უწყვეტი ისტორიის ნაწილი იყო და არის.

ღვინის მარშრუტები

ღვინის მარშრუტები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ღვინის ტურიზმის განვითარებაში. ინფორმაცია ამა თუ იმ მარშრუტისა და გზების შესახებ მოიპოვება, როგორც ინტერნეტ სივრცეში, ასევე დროდადრო გამოიცემა ბროშურები, რომლებშიც დეტალურადაა ასახული საინტერესო და რეკომენდირებული ადგილები და რეგიონები (იხ. ცხრილი 6).
აშშ ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომელიც მარშრუტების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ძირითადი ადგილი აქ რა თქმა უნდა კალიფორნიას უჭირავს.
აიოვა, ნიუ მექსიკო და მიჩიგანი, ასევე გამოირჩევიან ტურისტებისათვის მისაზიდი რეგიონებით.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილოეთ კალიფორნიაში 30 ღვინის ქარხანაა, აქ ღვინის მარშუტების სიგრძე 320 კმ-მდე ადის, თუმცა ტეხასში ეს მაჩვენებელი 480 კმ-ს აღწევს.
საფრანგეთს რამოდენიმე აღსანიშნავი მარშრუტი აქვს.
ერთ-ერთი Alsace Wine Route, რომელიც 170 კმ-ს მოიცავს და მასში შედის ვენახები, ციხე-კოშკები და სოფლები. ასევე გზები, რომლებიც გადაჭიმულია ექვსი სხვადასხვა ღვინის მწარმოებლის ტერიტორიაზე, ქალაქ ბორდოდან მოშორებით. ბურგუნდიაში 60 კმ-იანი Routes des Grand Crus-ს მარშრუტი.
სამხრეთ აფრიკაში თექვსმეტი ღვინის მარშრუტია.
მათი ძირითადი რაოდენობა კეიპთაუნშია თავმოყრილი, რომლის საერთო სიგრძე 100კმ-ს შეადგენს. ესენია: Constantia Wine Route, Pearl Vinters და Wellington Wine Route.
სტელენბოშის ღვინის მარშრუტი ყველაზე ძველია, რომელიც რამოდენიმე მნიშვნელოვან ღვინის ქარხანას აკავშირებს ერთმანეთთან.
სამხრეთ აფრიკის ნაყოფიერი ხეობები და 850 კმ-იანი მარშრუტი კეიპთაუნიდან ელიზაბეტის პორტამდე ითვლება ყველაზე გრძელ მარშრუტად მსოფლიოში.
გერმანიაში მარშრუტებს შორის უძველესია 85 კმ-იანი გერმანული ღვინის მარშრუტი, შეიქმნა 1935 წელს და განლაგებულია პალატინატის რეგიონში.
ცხრილი 6: შერჩეული ღვინის მარშრუტები მსოფლიოს გარშემო, 2016.

ღვინის მარშრუტი ქვეყანა
Classic New Zealand Wine Trail ახალი ზელანდია
Cape Winelands სამხრეთ აფრიკა
Hunter Valley Wine Route ავსტრალია
Alentejo პორტუგალია
Medoc Chateaux ბორდო, საფრანგეთი
Napa and Sonoma Valley Routes კალიფორნია, აშშ
Patagonia Neuquen Wine Route არგენტინა
Route de Grand Crus ბურგუნდი, საფრანგეთი
Route de Montagne de Reims შამპენი, საფრანგეთი
Routes des Vins du Jura იურა, საფრანგეთი
St Emilion Heritage Route ბორდო საფრანგეთი
Strada del Vino Sued Tiroler სამხრეთ ტიროლი, იტალია
Tamar Valley Wine Route ტასმანია, ავსტრალია
Valle del Maipo სანტიაგო, ჩილე

ღვინისა და ღვინის ტურიზმის რეპუტაცია იზრდება დიდ ბრიტანეთშიც, შესაბამისად აქ ყალიბდება ახალი მარშრუტები. ერთ-ერთია სამხრეთ აღმოსავლეთის ღვინის მარშრუტი, რომელიც 17 ვენახს აერთიანებს.
ფესტივალები ღვინის ტურიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია. ისინი ძირითადად იმართება ყურძნის მოსავლის აღების შემდგომ.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში, ხოლო ეკვატორის სამხრეთით აპრილსა და მაისში.
ფესტივალებზე ვიზიტორები ძირითადად სინჯავენ ადგილობრივ სამზარეულოს ნიმუშებს, უსმენენ მუსიკას, ეცნობიან ხელოვნებას და ადგილობრივი წარმოების ღვინოებს.
ათასობით ფესტივალი იმართება წლის განმავლობაში. მათგან აღსანიშნავია (The Drink Business, 2013):

  • Bad Durkheim, გერმანია – მსოფლიოს ყველაზე ძველი ფესტივალი , რომელიც 550 წელს ითვლის. გრძელდება სექტემბრის ორი შაბათ-კვირა და 600 000 ვიზიტორს მასპინძლობს.
  • Batalla del Vino, ესპანეთი – ამ ფესტივალზე ათასობით ფანი იკრიბება და მსოფლიოს ყველაზე დიდი ბრძოლა იმართება ღვინოებს შორის.
  • Bordeaux Wine Festival, საფრანგეთი – იმართება ორ წელიწადში ერთხელ. ვიზიტორებს სთავაზობს ვორქშოფებს, შესანიშნავ დეგუსტაციას, ფეიერვერკებს და ჯადოსნურ შოუებს.
  • Festa de la Filoxera, ესპანეთი – ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელზეც აღნიშნავენ ფილოქსერას ჭირის დამარცხებას, რომელმაც კინაღამ გაანადგურა მთელი კატალონიის ვენახები მე-19 საუკუნის მიწურულს.
  • Festa dell’uva e del Vino, იტალია – ხუთ დღიანი ფესტივალი ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაციით, მუსიკითა და ფეიერვერკით.
  • Festival Napa Valley, აშშ – ათდღიანი ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 200-ზე მეტი არტისტი. ჩართულნი არიან კურორტები, რეგიონები, ღვინის ქარხნები და მეღვინეები.
  • GrapeFest, აშშ – სამხრეთ დასავლეთ ამერიკის ყველაზე დიდი ფესტივალი, რომელიც ასევე აერთიანებს გოლფისა და ტენისის ფესტივალებს. აქ ვიზიტორებს ღვინის დეგუსტაციასა და უამრავ გასართობ აქტივობებს სთავაზობენ.
  • La Fiesta Nacional de la Vendimia, არგენტინა – ათ დღიანი ფესტივალი, აღლუმებით, ცეკვით, სიმღერით, მუსიკით. სათავეს იღებს 1936 წლიდან.
  • International Pinot Noir Celebration, აშშ – სამდღიანი ფესტივალი სამზარეულოს დაგემოვნებით, ვენახების სტუმრობით და ღვინის შესახებ ინფორმაციის გაცვლით.
  • Pebble Beach Food and Wine, აშშ – ოთხ დღიანი ფესტივალი, რომელსაც 250 მევენახე და 100 შეფ-მზარეული სტუმრობს. ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრუვი ფესტივალია მსოფლიოში.
  • Oxford Wine Festival, ბრიტანეთი – ორ დღიანი ფესტივალი, ცოცხალი მუსიკით და ინგლისის სხვადასხვა რეგიონებიდან მოსული განსაკუთრებული სპეციალისტებით.
  • The Winery Tour, ახალი ზელანდია – ყოველწლიური ფესტივალი მუსიკით. მასპინძლობს სხვა ქვეყნების წამყვან ღვინის მწარმოებლებს.

ასევე წლის განმავლობაში არის ღვინის ტურიზმის დღეები.
იმართება ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ღვინის მწარმოებელი რეგიონები. მასში ჩართულია როგორც ევროპა, ასევე ჩრდილოეთ ამერიკა.
ევროპის ტურიზმის დღემ სათავე 2009 წელს აიღო.
ინიციატივა ჩამოაყალიბა ევროპული ღვინის ქალაქების კავშირმა. ორგანიზაცია 80 ღვინის მწარმოებელ ქალაქს აერთიანებს.
2012-შ კი მოხდა ჩრდილოეთ ამერიკის ღვინის ტურიზმის დღის ინაუგურაცია.
ღვინის ტურიზმის დღეს ორგანიზატორები სტუმრებს ძირითადად უმასპინძლდებიან სადილით, აწყობენ მუსიკალურ ღონისძიებებს, ოჯახისთვის აქტივობებს, სადაც ჩართულნი არიან ბავშვებიც და სხვ.

ღვინის ტურიზმი ბიზნესის თვალსაზრისით 

ბიზნესის თვალსაზრისით ღვინის ტურიზმის დღე საკმაოდ მომგებიანი და პერსპექტიულია. იგი ხელს უწყობს ტურისტების მოგზაურობას ვენახებით მდიდარ რეგიონებში, შესაბამისი მომსახურების გაწევას მათთვის, რაც საკეთილდღეოდ აისახება ბიზნესზეც.
საერთაშორისო ღვინის ტურიზმის კონფერენცია გაიმართა 2009 წელს და მას 90 ქვეყნიდან 300 ღვინისა და კულინარიის ექსპერტი დაესწრო.
ეს არის ორ დღიანი კონფერენცია, სადაც ერთმანეთს შესაძლებლობებსა და გამოცდილებას უზიარებენ. კონფერენციას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს.
მაგალითად, საქართველოში 2018 წლის 17-22 ივნისს იმართება სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეა – A.S.I General Assembly.
A.S.I („Association De La Sommellerie Internationale”) დაარსდა 1969 წელს საფრანგეთში, ქ. რეიმსში და აერთიანებს სომელიეთა ასოციაციებს მსოფლიოს 62 ქვეყნიდან.
მათი მთავარი მიზანია ღვინის მოხმარების კულტურის პრომოცია, საგანმანათლებლო კურსები და ტრენინგები, როგორც დარგში მოღვაწე პირების, ასევე მომხმარებლებისთვის, ყოველწლიური სომელიეთა საერთაშორისო კონკურსების ორგანიზება.
აღნიშნული ასოციაცია ყოველწლიურად მართავს გენერალურ ასამბლეას, სადაც იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნის სომელიეთა ასოციაციების პრეზიდენტები, ღვინის ჟურნალისტები, ბაიერები, განიხილავენ ღვინის სფეროში მიმდინარე მოვლენებს/ტენდენციებს და ეცნობიან ადგილობრივ ღვინის კულტურას.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველო და ქართული ღვინო გაიცნონ ღვინის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გენერალური ანსამბლეა, მასტერკლასები და დეგუსტაციები. ყველა ქართულ კომპანიას ეძლევა შანსი საკუთარი პროდუქცია წარადგინოს და გაასინჯოს სტუმრებს გენერალურ დეგუსტაციაზე.
აღნიშნული კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებისთვის როგორც ღვინის ბიზნესში, ასევე ენოტურიზმის განვითარებისთვის.

სოფიკო სამადაშვილი . ღვინის ტურიზმის გეოგრაფია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში . სამაგისტრო ნაშრომი . თბილისი, 2018