რაჭა – ლეჩხუმის მევენახეობა

რაჭა – ლეჩხუმის მევენახეობა

მევენახეობის ეს რაიონი ცნობილია საკმაოდ კარგი ღირსების მქონე წითელი და თეთრი ღვინოებით (ქანთარია და რამიშვილი, 1986).
რაჭა მთაგორიანი მხარეა. ეს რეგიონი გაყოფილია ორ ნაწილად: ზემო რაჭად, რომელიც მოიცავს ონის რაიონს და ქვემო რაჭად, რომელსაც მიეკუთვნება ამბროლაურის რაიონი.

ზემო რაჭა

ზემო რაჭაში მევენახეობისთვის მნიშვნელოვანი სოფლები (სორი, ნიგვზნარა, კოდისთავი, მუხლი, შარდომეთი, ბარი, სევა, ხიდიკარი) მდებარეობს ზღვის დონიდან 650-1000 მ-ზე; ქანთარია და რამიშვილის (1986) გადმოცემით მევენახეობა ზემო რაჭაში სამრეწველო ხასიათის არაა, რადგან აქ სავენახე ნაკვეთები ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზეა განლაგებული, რის გამოც ყურძენი ვერ ასწრებს სიმწიფეში შესვლას და მიიღება არც თუ ისე ხარისხოვანი ნედლეული ღვინის დასაყენებლად, თუმცა ხარისხიანი თეთრი ღვინოები ზემო რაჭაშიც აქვთ.
ამ მხრივ კარგ შედეგს იძლევა მცვივანი რაჭული.

ქვემო რაჭა

მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით ქვემო რაჭას უპირატესობა ენიჭება, რადგან კლიმატური პირობები ვაზის მცენარისთვის აქ უფრო ხელსაყრელია. ვენახები მდინარე რიონისა და მისი შენაკადების მახლობლადაა განლაგებული.
რიონის მარჯვენა მხარეს გაშენებულ ვენახებს განათების მხრივ უკეთესი პირობები აქვთ, რადგან მდინარის ეს მხარე სამხრეთ-დასავლეთ კალთებს წარმოადგენს.
ამასთანავე ნიადაგი მდიდარია მთის ქანებით და ამ მხარეში არსებული ვენახებიდან მიიღება მეტად ხარისხიანი ნედლეული.
მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით ქვემო რაჭის მნიშვნელოვან სანედლეულო ბაზას წარმოადგენს ქ. ამბროლაური, სოფლები – ბუგეული, საკეცია, ბარეული, ღადიში, აბანოეთი, წესი, ხიმში, სადმელი, ხვანჭკარა, ჭყვიში.
ეს სოფლები განლაგებულია რიონის მარჯვენა ნაპირზე ზღვის დონიდან 500-800 მ-ზე. რიონის მარცხენა სანაპიროზე  განთავსებული ვენახები  ჩრდილო- აღმოსავლეთ ფერდობზეა შეფენილი და შესაბამისად აქ ვაზს სითბოსა და განათბის თვალსაზრისით ნაკლებად ხელსაყრელი პირობები გააჩნია, ვიდრე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე. რაც შეეხება ნიადაგს, იგი რთულად დასამუშავებელია. რაჭის მევენახეობის ამ ზონაში საშუალო ხარისხის თეთრი ღვინოები მზადდება.

რაჭა ლეჩხუმი

ლეჩხუმი

ლეჩხუმი მოქცეულია მთების გარემოცვაში. მისი სამხრეთი ნაწილი შემოფარგლულია მაღალი მთებით, ხოლო ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხარეებში მკაცრი კლიმატია გავრცელებული. ლეჩხუმის მევენახეობის რაიონი მოიცავს ცაგერის მუნიციპალიტეტს. მდინარები ლაჯანური, ცხენისწყალი და რიონი ლეჩხუმის ტერიტორიაზე ქმნიან ვიწრო, დაქანებულ ხეობებს. ვენახები აქ გაშენებულია სხვადასხვა სახეობის ნიადაგებზე (ღორღიანი, კალციუმის კარბონატით მდიდარი, ეწერი და თიხნარი).

რაჭა-ლეჩხუმი, რომლის ფართობი 3200 კმ2-ია, განლაგებულია იმერეთს ჩრდილოეთით (Беридзе, 1962), დიდი კავკასიონის მთებიდან ჩამონადენი დინარეების, რიონისა და ცხენის წყლის ნაპირებზე. აღმოსავლეთიდან მას სამაჩაბლო ესაზღვრება, დასავლეთით აფხაზეთი და სამეგრელო, ჩრდილოეთით კი – დიდი კავკასიონი და სვანეთი. რაჭა-ლეჩხუმი დასერილია მაღალმთიანი ქედებით (მუხურის, ლეჩხუმის, სვანეთის და სხვა), რის გამოც იგი წარმოადგენს ქედებით გარშემორტყმულ ქვაბულს.

აქაური კლიმატური პირობები მსგავსია იმერეთის კლიმატისა. წლის განმავლობაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 2666-3909°C, რაც სავსებით საკმარისია ყურძნის დასამწიფებლად. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გაბატონებულია სამხრეთის ქარები, რომელიც არბილებს ადგილობრივ ჰავას.

მევენახეობის ზონის ნიადაგური საფარი ჭრელია. ძირითადად ჭარბობს ნეშომპალა-კარბონატული და კირქვა ნიადაგები. ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები გავრცელებულია მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. რაჭა-ლეჩხუმის აღმოსავლეთ ნაწილი ხასითდება ტყის მურა ნიადაგებით, რომელიც განვითარდა გამოფიტულ თიხოვან ფიქლებზე, რაც აიხსნება ქედებიდან ჩამონადენი წყლის ნაკადებით.

მდინარე ცხენისწყლის ხეობაში გავრცელებულია ეწეროვანი ნიადაგები, ხოლო რიონის ხეობას ზოლად გასდევს ალუვიური და თიხოვანი შემადგენლობის კარბონატული ნიადაგები.

რაჭა-ლეჩხუმის ჯიშები

რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებულია ვაზის შემდეგი ძირითადი ჯიშები ალექსანდროული, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა, ცოლიკოური, ძელშავი, უსახელოური,                      ორბელური  (ღვინის  ეროვნული   სააგენტო, http://georgianwine.gov.ge/).

რაჭის   ზონას    მიეკუთვნება   ქვემო    რაჭის    ყველაზე   მნიშვნელოვანი „ხვანჭკარის“ მიკროზონა. ღვინო „ხვანჭკარა“-ს დასაყენებლად განკუთვნილი ნედლეული მოჰყავთ შემდეგ სოფლებში: კვაცხუთი, ტოლა, ჟოშხა, ჩორჯო, სადმელი, ძირაგეული, ბოსტანა, ჭყვიში, ქვიშარა, ჭრებალო, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო (Беридзе, 1962).

ლეჩხუმის მევენახეობის ძირითადი ზონებია: ცაგერი, ზუბი-ოყურეში, ორბელი, ალპანა-ტვიში. ყველაზე სახელგანთქმული ღვინოები ამ რეგიონიდან უსახელოური და ტვიშია. მიკროზონა ტვიშის კლიმატს იდეალურად შეეგუა იმერული ვაზის ჯიში ცოლიკოური, რომლისგანაც მზადდება ერთ-ერთი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ბუნებრივად ნახევრადტკბილი თეთრი ღვინო „ტვიში“.

ლეჩხუმის ვაზის ჯიშებიდან საყურადღებოა ორბელური ოჯალეში, რომელიც ამპელოგრაფიული და ენოლოგიური მახასიათებლებით მნიშვნელოვნად განსხვავდება სამეგრელოს ოჯალეშისგან.

წყარო : ლუკა ბეშიძე . რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშების ნაკუთვნეულისა და მცვივანი რაჭულის ამპელოგრაფიული და ენოლოგიური შესწავლა ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე. თბილისი 2020. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი . მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი 2020