ქვევრის ღვინო / მარკეტინგული პრობლემები

ქვევრის ღვინო / მარკეტინგული პრობლემები

საქართველო არა მხოლოდ უწყვეტად აწარმოებდა ღვინოს 8000 წლის განმავლობაში, არამედ ღვინის ექსპორტსაც ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყნებში ჯერ კიდევ ძალიან ადრეული პერიოდიდან.

საქართველო ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანაა. ტრადიციულად აქ ღვინო მზადდებოდა ქვევრში, მიწაში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში, რომელიც რომელიც მოთავსებული იყო მარანში. ეს არის ეროვნულ ღვინის დაყენების მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა საუკუნეების მანძილზე და დღესაც უცვლელად არის შემორჩენილი. ქართული ღვინოები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი. უამრავი ფაქტი, წერილობითი წყარო, არქეოლოგიური მტკიცებულება ადასტურებს, რომ საქართველო არა მხოლოდ უწყვეტად აწარმოებდა ღვინოს 8000 წლის განმავლობაში, არამედ ღვინის ექსპორტსაც ახორციელებდა სხვადასხვა ქვეყნებში ჯერ კიდევ ძალიან ადრეული პერიოდიდან.

საბჭოთა პერიოდში, ქართული ღვინოები პოპულარული იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყვნენ. ქართულმა ღვინომ, თავისი უნიკალური თვისებების და გამორჩეული გემოს წყალობით მოიპოვა პოპულარობა; შესაბამისად მაღალი იყო მისი ცნობადობა ამ სივრცეში. 1991 წლის შემდგომ პერიოდში, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართული ღვინო სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდa. მას გაუჭირდა ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე შესვლა და სასურველი ნიშის დაკავება, თუმცა მისი ტრადიციული მომხმარებლები, როგორიცაა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა, კვლავ დარჩნენ ერთგულ პარტნიორებად. მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა რასაც ქართულმა ღვინომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მიაღწია, ევროპულ ბაზარის ათვისება და სასურველი ნიშის დაკავება დღესაც გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს.

უახლესი ტრენდი, რომელიც ზრდის პროდუქტის პოპულარობას, არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება ;

შესაბამისად მსოფლიო ღვინის მწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობენ გადავიდნენ ბიო ღვინოების წარმოებაზე. თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ, ქართული ქვევრის ღვინო, რომელიც დაყენებულია ბუნებრივი

მეთოდით, მინიმალური ქიმიური ჩარევით, წარმოადგენს ისეთ პროდუქტს, რომელიც პასუხობს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს. ქვევრის ღვინო, რომელიც აცოცხლებს ქართული ღვინის წარმოების ისტორიას და ტრადიციებს, მსოფლიო ღვინის ბაზარმა ბოლო ათწლეულში აღმოაჩინა და სათანადო შეფასებაც მისცა.

აგრეთვე, სპეციალისტების შეფასებით, ქვევრის ღვინოებს ახასიათებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები – ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა, რასაც განაპირობებს ვენახის ადგილმდებარეობა და ღვინის დაყენების ტექნოლოგია. მიუხედავად ამისა, ქვევრის ღვინომ რომელმაც გრძელი გზა განვლო აღიარებამდე, კვლავ რჩება გამოწვევბის წინაშე, ამდენად, დიდი ძალისხმევაა საჭირო სანამ იგი მოიპოვებს მსოფლიო აღიარებას და დამკვიდრდება მსოფლიო ღვინის ბაზარზე როგორც უნიკალური, ნატურალური, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ქარვისფერი ღვინო. ქართული ღვინოების რეკლამირება   უმნიშვნელოვანესია, რადგან ის რჩება ნომერ პირველ საექსპორტო პროდუქტად და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. გარდა კომერციული ღირებულებისა, ქართული ღვინო აგრეთვე მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებსაც.

რადგან საქართველო ნაკლები რაოდენობის ღვინოს აწარმოებს ვიდრე აღიარებული ღვინის მწარმოებელ ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, ქართული ღვინოების წარდგენა უნდა მოხდეს როგორც ექსკლუზიური ბრენდისა და ამავდროულად, აქცენტი უნდა გაკეთდეს ქვევრის ღვინის უნიკალურ თვისებებზე.

ქვევრის ღვინო ახალი პროდუქტია საერთაშორისო ბაზრისთვის, ამიტომ აუცილებელია მისი სწორი პრეზენტაცია და რეკლამირება. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა შემუშავდეს და დაინერგოს კომპლექსური მარკეტინგული მიდგომა.

წყარო : რუსუდან ბერიაშვილი. მარკეტინგი სადოქტორო  დისერტაციის ავტორეფერატი.თბილისი, 2020 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი