ქართული ტრადიციული სუფრა

ქართული ტრადიციული სუფრა.

გარკვეულწილად საქართველოს უკვე ჩამოყალიბებული აქვს სტუმართმასპინძლობის იმიჯი, ხოლო ქართულ სუფრაზე სტუმრები ლაპარაკობენ აღტაცებით.
აღსანიშნავია, რომ ქართული სუფრის ტრადიცია შესულია საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

ქართული სუფრა და მისი შემადგენელი ძირითადი ელემენტები – შემავალი თამადა და სადღეგრძელოები, უკვე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა და ქართველობის ერთ- ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანი.
ეს საკითხი არის საკმაოდ საკამათო, ქართველი ეთნოგრაფები ვერ თანხმდებიან ერთ ვერსიაზე, როდის ჩაისახა ქართული სუფრის ტრადიცია დღესაც გაურკვეველია, თუმცა ფაქტია, რომ ეს ტრადიცია დღესაც არსებობს.
ცნება “ტრადიციული ქართული სუფრა” საკმაოდ ფართოა და შეიძლება განვიხილოთ როგორც ისტორიულ ჭრილში, ისე გეოგრაფიულში, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა კუთხიდან კუთხემდე.

აღსანიშნავია რომ საქართველოში ნაპოვნია ბევრი არქაული ნივთები, რომელზეც ღვინის სმის მოტივი არის ასახული.
მაგალითად, I ათასწლეულის დასაწყისის ბრინჯაოს სარტყელი. მის ცენტრში ორი მამაკაცია გამოსახული. ერთს დოქი უჭირავს, მეორეს – სასმისი.
მოქეიფეები სასმისებს უჭახუნებენ ერთმანეთს. ეს ღვინის სმის ტრადიციული სცენაა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართველებისათვის ღვინო საკრალური სასმელი იყო, ამიტომაც მიაჩნდათ, რომ როდესაც მას სვამდნენ, ხუთივე შეგრძნების ორგანოთი უნდა განეცადათ.
სწორედ ამიტომ უჭახუნებდნენ ჭიქებს ერთმანეთს.

ქართული სუფრის სტრუქტურა შედგება ოთხი ძირითადი ელემენტისგან:

  1. ღვინო
  2. კერძები
  3. სადღეგრძელო
  4. სიმღერა

მას ახასიათებს მკაცრი წესები, რკინისებური დისციპლინა და როგორც ძველად ამბობდნენ, ქართველი კაცი არსად არ იცავდა წესებს ისე მონდომებით, როგორც სუფრაზე (აბულაშვილი, 2017) საქართველოს ყველა მხარეს თავისი ტრადიციული კერძები გააჩნია.
იმერეთის, კახეთის, ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, რაჭის, სვანეთის, ხევსურეთისა და სხვა   მხარეების   კერძები  განსხვავდებიან გემოვნირო და მომზადების ტექნოლოგიის თავისებურებებით, მაგრამ თავიანთი სტილით ერთიან ქართულ სამზარეულოს წარმოადგენენ.
რადგან ღვინის ტურიზმი არის გასტრონომიული ტურიზმის მნიშვნელოვანი ნაწილი, ქართული ტრადიციული სუფრა ენოტურიზმის ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია.

ქართული სუფრის შემადგენელი ნაწილია თამადის ინსტიტუტი

თამადა, ქართული პურობის წინამძღოლია. ჩვეულებრივ, თამადად ირჩევენ პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება.
სუფრაზე თამადობა საპასუხისმგებლო საქმე იყო, თამადას სუფრის ყველა წევრისთვის პატივი უნდა მიეგო, ყურადღება არავისთვის მოეკლო და სადღეგრძელოებიც წესის მიხედვით, შეუშლელად უნდა წარმოეთქვა (აბულაშვილი, 2017).

სუფრაზე უფროსები უმცროსებს ზრდიდნენ, კაცობის პატიოსნების მაგალითებს აჩვენებდნენ. თამადა იხსენებდა საგმირო ამბებს – ამით ახალგაზრდები პატრიოტებად იზრდებოდნენ. უმცროსები უფროსებისადმი მოწიწებას სწავლობდნენ. (თოფჩიშვილი, 2018)
მიუხედავად იმისა, რომ ქართული სუფრა გამოირჩეოდა ლხინით და კარგი დროის ტარებით, ყოველთვის იყო წესრიგი.
ქართული ტრადიციული სუფრასადღეგრძელოს აუცილებლად მოსდევდა სიმღერა, სიმღერას – ლექსი, ლექსს – ცეკვა.
XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, თბილისში ბატონიშვილის ქორწილს რომ დაესწრო, ქართულ სუფრაზე არსებული წესრიგითა და სისტემატიურობით გაოცდა.
ის ხაზგასმით აღ- ნიშნავდა, რომ “სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვიდრე ყველა ასორმოცდაათი კაცი, რომელიც სეფაში იყო” (ფაცია, 2018).

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ეს ტრადიცია ცოტა დამახინჯებულია და ამას ბევრი ეთნოგრაფი აღიარებს. ლაპარაკია ღვინის რაოდენობის დალევაზე, სადღეგრძელოების თანმიმდევრობაზე, თამადის ძალაუფლების გადამეტებაზე.
ტურისტები, რომლებიც ხვდებიან ქართულ სუფრაზე, გაოცებული არიან ქართული გემრიელი ღვინოთი და კერძებით, სიმღერით, ქართული ეროვნული ცეკვებით, თამადის ინსტიტუტით და მრავალფეროვანი სადღეგრძელოებით.
მათთვის ეს საუცხოო და უჩვეულოა.
ეს ასპექტი საქართველოს კარგად აქვს შეფუთული და წარმოადგენს ღვინის ტურიზმის ბრენდის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.

სოფიკო სამადაშვილი . ღვინის ტურიზმის გეოგრაფია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში . სამაგისტრო ნაშრომი . თბილისი, 2018


ღვინის ტურიზმი