საქართველოს მარნები

საქართველოს მარნები: თავისებურებანი რეგიონის მიხედვით 

საქართველოს ღვინის წარმოების ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელი ქართული ტრადიციული მარნები, რომლებიც მოწყობისა და არქიტექტურის თვალსაზრისით ძალზე მრავალფეროვანია.
აქ მხარეებისა თუ კუთხეების მიხედვით იცვლება მისი მოწყობის სისტემა.
იგი შეიძლება იყოს ნაშენი, როგორც ქვითკირით, ასევე ფიცრით. იმერეთში კი ხშირად შევხვდებით ისეთ ჭურისთავებს, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ რაიმე ნაგებობა. ასეთ შემთხვევაში ქვევრები პირდაპირ ღია ცის ქვეშაა მოთავსებული.
დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია ზურგიანი ანუ სამკედლიანი მარანი, ასევე ხშირად შევხვდებით სახლზე მიშენებულ მარანს. კლდეში ნაკვეთს, ეკლესიაზე მიშენებულს. აგრეთვე ხშირია სახლის პირველ სართულზეც გაკეთებული მარნები.
ღვინის ტურისტებისთვის ქართული მარანი არის ერთ-ერთი მიმზიდველი სანახაობა, როგორც არქიტექტორული და ისტორიულ-კულტურული ძეგლი.
საქართველოში არსებული მარნის ტიპები და მათი ინვენტარი განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება.
ხშირად აქ შევხვდებით ერთი და იგივე ნივთსა თუ ხელსაწყოს, რომელიც სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. ეს განპირობებულია იმით, რომ ქართულ ენაში უამრავი დიალექტია და ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვა სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს ნახსენები.

ასე და ამგვარად, საქმე ქართული მარნის და მისი მთელი აღჭურვილობის მრავალფეროვნებასთან გვაქვს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინის უნიკალურობასა და ჩვენს ძირძველ ტრადიციებს ღვინოსთან დაკავშირებით.

საქართველოს მარნები – პირველი ტიპი

პირველი ტიპი მარნებისა, ეგრეთ წოდებული იმერული ჭურისთავებია, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღია ცის ქვეშაა განლაგებული. ამისათვის შედარებით ვაკე ადგილს არჩევენ, რათა წვიმის ნიაღვრებმა ჭურის თავებზე არ იაროს. ეს ქვევრები ძირითადად ვაზთან ახლოსაა ჩაყრილი, თუმცა ხშირ შემთხვევაში მასთან რგავენ კომშის ხეებს. ეს იმითაა განპირობებული, რომ კომშის ხის ფესვები ქვევრს არ აზიანებს, რისი მაგალითიც სამწუხაროდ უხვადაა პრაქტიკაში.
ასევე კომშს თავიდანვე ისე სხლავენ, რომ მაქსიმალურად მოჩრდილონ ადგილი, სადაც ჭურის თავია. ამ ყველა სიკეთის გარდა, კომშის ფოთლებისგან დამზადებულ ნაყენსაც ხშირად მოავლებენ ხოლმე ახლად გარეცხილ ქვევრს “გასაკეთილშობილებლად”.

საქართველოს მარნები – მეორე ტიპი

მეორე ტიპის მარანი ესაა ზურგიანი ანუ სამკედლიანი მარანი.
ესეც დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. მისი სამკედლიანი არქიტექტურა განპირობებულია ძირითადად იმით, რომ ქარისაგან და თოვლის ნამქერისგან იქნეს დაცული მისი შიდა ნაწილი.
აქ ინახება სხვადასხვა ინვენტარი, ხოლო ქვევრები ძირითადად გარეთაა მოთავსებული. თუმცა ეს ორი ადგილი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია.

საქართველოს მარნები – მესამე ტიპი

მესამე ტიპის მარანს წარმოადგენს სრულიად იზოლირებულად მდგარი შენობა-ნაგებობა, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, კერძოდ ქართლ-კახეთის მხარეში.
ამგვარ მარანს აქვს ორი ფართო კარი, რამდენიმე ვიწრო სარკმელი, მარანს აქვს შემაღლებული ადგილი, სადაც დადგმულია საწნახელი და ნაგებობის კედლებში დატანილია სასანთლეები, მარნის გასანათებლად. ასეთ მარნებში ასევე შევხვდებით ბუხარს, რომელსაც არაერთი დატვირთვა აქვს.
როგორც წესი, მესამე ტიპის მარანი, რომელიც განცალკევებით დგას, მართკუთხა ფორმისაა და მას ძირითადად ორი კარი აქვს. ერთი დიდი, რომელიც ყურძნისა და ღვინის დასაწური ინვენტარის შესატანად გამოიყენება, ხოლო მეორე – უფრო მომცრო, რომელსაც ძირითადად პერსონალისათვის იყენებენ.

საქართველოს მარნები – მეოთხე ტიპი

არსებობს მეოთხე ტიპის მარანიც, რომელიც ასევე ქართლ-კახეთში და საინგილოშიც არის გავრცელებული. ეს არის მარანი, რომელიც სახლზეა მიშენებული, ან თვითონ სახლშია მისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილი.
ასეთ მარნებში არა მხოლოდ ღვინოს წურავენ და ინახავენ, არამედ აქ შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის მომარაგებაც. იყენებენ ხილის, ბოსტნეულისა თუ სხვა პროდუქტებისთვისაც.
ასეთ მარნებს ძირითადად მომცრო სარკმელი გააჩნიათ, ან საერთოდ არ აქვთ სარკმელი.
ის, ძირითადად, სახლის იმ ნაწილშია, რომელსაც მზე არ უდგება და შედარებით გრილია ღვინისა თუ სხვა პროდუქტების შესანახად. ამავდროულად, თუ ასეთი მარანი სახლზეა მიშენებული, სპეციალურად ირჩევენ ჩრდილოეთ მხარეს. რათა ასევე ღვინისთვისაა უკეთესი გრილი შესანახი პირობების შექმნა. ასეთ შემთხვევაში, ღვინო უფრო კარგად და ხანგრძლივად ინახება.

კოშკმარანი

უნდა განვიხილოთ ერთი განსაკუთრებული მარნის ტიპიც, რომელსაც კოშკმარანი ეწოდება. ასეთ მარნებს უმთავრესად კახეთში შევხვდებით.
ეს ნაგებობა ძირითადად საბრძოლო დანიშნულებისაა და მას აქვს სათოფურები, საზარბაზნეები, ბუხრები, აყვანილი კიბეები, საწნახელები, ქვევრები.
როგორც აღვნიშნეთ, კოშკმარანი უპირველესად თავდაცვით საბრძოლო ნაგებობას წარმოადგენდა, თუმცა აქ შეირჩა შესანიშნავი პირობები მარანის მოსაწყობად.
სწორედ ამიტომ მის პირველ სართულზეა მოწყობილი არაჩვეულებრივი მარნები.
საკმაოდ იშვიათ ტიპს წარმოადგენს ეკლესიაზე მიშენებული მარანი, რომელსაც ნავი ეწოდება.
იგი ჩრდილოეთის მხრიდანაა მიშენებული და ღვინის საცავს წარმოადგენს. აქ შევხვდებით ქვევრებს, თუმცა საწნახელი არაა მარანში. ეს იმითაა განპირობებული, რომ აქ ღვინო არ იწურებოდა და ეკლესიაში მრევლის მიერ შემოწირული ღვინო ინახებოდა.

კლდეში ნაკვეთი მარანი

მარნის შემდეგი ტიპია გამოქვაბულში ანუ კლდეში ნაკვეთი მარანი, რომელსაც საქართველოს არაერთ მხარეში შევხვდებით, მაგალითად: ვარძიაში, ჭაჭკარში (ასპინძის მუნიციპალიტეტი), უფლისციხეში, ჭიათურაში და სხვა. ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი მარანი უფლისციხის კლდეშია ნაკვეთი. სწორედ ეს მოწმობს ასეთი მარნების ძირძველ ისტორიასა და განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
შესამჩნევია, რომ საქართველო მარნების ტიპების სიმრავლით გამოირჩევა, სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ საქარრთველო ღვინისა და ქვევრის სამშობლოა.
ჩვენში მარანს ხატების დასაბრძანებლადაც იყენებდნენ. ძირითადად აქ წმ.გიორგის ხატი იყო დაბრძანებული. ხშირად შევხვდებით ჯვრებსაც მარნის კარსა თუ კედლებზე.
მარანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მართალია, ახლაც შენდება უამრავი მარანი, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ტრადიციული არქიტექტურული ნიმუშების განმეორება და ელემენტარული წვრილმანების დატანა. მათ საუკუნეები გამოიარეს და ისე მოვიდნენ ჩვენამდე.
ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, აუცილებელია, როგორც ძველი, ასევე ახალი კარგად მოწყობილი და საჭირო ინფრასტრუქტურით მარნების არსებობა. მარანი არის ღვინის ტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი საქართველოს მარნებინაწილი, ამიტომ აუცილებელია მათი აღდგენა, განვითარება და მოწყობა.
ვფიქრობ, რომ საქართველოში მარნების განვითარებისთვის მომგებიანი იქნება კლასტერული მიდგომის გამოყენება.
შეიძლება შეიქმნას მიკრო-კლასტერები რეგიონების მიხედვით. მარნები გაუზიარებენ ერთმანეთს ცოდნას და ასევე დაგეგმავდნენ საერთო ღონისძიებებს, რათა მოიზიდონ მეტი სტუმარი, წარადგინონ თავიანთი მარანი და რეგიონი.
საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა ინფრასტრუქტურა და მომსახურების სფერო.
ამ მხრივ ცოტა დიდ და გამოცდილ მარნებს, შეუძლიათ გაუზიარონ ცოდნა პატარა მარნებს.
განსაკუთრებით მომგებიანი იქნება ეს იმ რეგიონებისთვის, რომლებიც ეხლა ერთვებიან ღვინის ტურიზმში.
იმისათვის, რომ კონკრეტული რეგიონი გახდეს მიმზიდველი ტურისტისთვის, საჭიროა ერთიანი მიდგომა და სრული ტერიტორიის ბრენდის შექმნა.

სოფიკო სამადაშვილი . ღვინის ტურიზმის გეოგრაფია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში . სამაგისტრო ნაშრომი . თბილისი, 2018


ღვინის ტურიზმი