საქართველოს ღვინის ტურიზმი

საქართველოს ღვინის ტურიზმი: ტერიტორიების ბრენდის შემუშავების პოტენციალი

ჯერ კიდევ 1993 წელს დ. ჰაიდერის, ფ. კოტლერის და ი. რეინის წიგნში „ტერიტორიის მარკეტინგი“ მოცემული იყო კონცეფცია, რომ თანამედროვე მსოფლიოში მოქალაქეები ხდებიან მომხმარებლები, ხოლო ტერიტორიები (ქალაქები, ქვეყნები, რეგიონები) – არის პროდუქტი.
იმისათვის, რომ ერთიანი იდეა გაიტანო ბაზარზე, საჭიროა მისი ცალკეული ნაწილების განვითარება.
ამ შემთხვევაში საქართველოს ღვინის ტურიზმი არის პროდუქტი, მისი ცალკეული ნაწილებია ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის მხარეები, მარნები და ღვინის წარმოების უნიკალური თავისებურებანი.

ანხოლტის თეორიის თანახმად არსებობს ტერიტორიის ბრენდის ექვსი ძირითადი ელემენტი:

  1. ტურიზმი
  2. ექსპორტული ბრენდები
  3. პოლიტიკა
  4. ბიზნესი და ინვესტიციები
  5. კულტურა
  6. ხალხი

ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, საქართველოში უნდა გამოიკვეთოს –

საქართველოს ღვინის ტურიზმი – ღვინის ტურიზმის 5 ძირითადი მიმართულება

  1. კახეთი
  2. შიდა ქართლი
  3. იმერეთი
  4. რაჭა
  5. აჭარა

საქართველოს ღვინის ტურიზმი – კახეთი

კახეთი უკვე ცნობილია, როგორც მეღვინეობის მხარე.
ქართული ვენახების და მარნების უმეტესობა წარმოდგენილია სწორედ კახეთში.
მათ შორისაა, ტყუპების ღვინის მარანი, შატო მერე და შუხმანის მარანი (სასტუმრო და სპა კომპლექსით), წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი ისტორიული მარნით, იყალთოს აკადემია, სადაც ერთ-ერთი სწავლების საგანი იყო მევენახეობა- მეღვინეობა და ბევრი სხვა.
ძალიან ბევრი ღვინის ქარხანა, რომელიც კახეთშია, აწარმოებს ღვინოს საექსპორტოდ. ამიტომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე ცნობილია კახური ღვინოები და მისი დასახელებები.
ბოლო დროის მანძილზე, კახეთში აშენდა მაღალი კლასის სასტუმროები (მაგალითად, ამბასადორი, ლოპოტის ტბის კომპლექსი, ყვარლის ედემი), რომელიც ასევე ხელს უწყობს რეგიონის ტურისტულ განვითარებას.
კახეთში მევენახეობა არის ყველაზე გავრცელებული სოფლის მეურნეობის სახეობა.
საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ღვინის სექტროს.
ამიტომ აქ უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული ღვინის ტურიზმის ინფრასტრუქტურაც.
კარგად მოწყობილი მარნების გარდა, კახეთში ბევრი ტურისტული ატრაქციაა, მაგალითად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და ნახევრად-უდაბნო, სიღნაღი – სიყვარულის ქალაქი, ლოპოტის ტბა, ლაგოდეხის ნაკრძალი და სხვა.
შეიძლება ითქვას, რომ კახეთის რეგიონს არა მხოლოდ ბრენდი, არამედ უკვე ღვინის ტურიზმის კუთხით რეპუტაცია აქვს მოხვეჭილი და პასუხობს ანხოლტის მიერ ტერიტორიული ბრენდის ექვსს ძირითად ელემენტს.
შედარებით რთულად არის საქმე შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭაში და აჭარაში. ამ რეგიონებს აქვთ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

საქართველოს ღვინის ტურიზმი – შიდა ქართლი

შიდა ქართლის დიდი უპირატესობაა, რომ აქ არის ქვეყნის ამჟამინდელი და ყოფილი დედაქალაქები თბილისი და მცხეთა.
ეს ორი ქალაქი არის ქვეყნის ძირითადი ტურისტული ატრაქცია. შესაბამისად, ამ რეგიონში ტურიზმის ბევრი სახეობაა განვითარებული.

საქართველოს ღვინის ტურიზმი – თბილისი

რაც შეეხება ღვინის ტურიზმს თბილისში, უკვე ძალიან ბევრი ღვინის ბარი, რესტორანი და მაღაზია გაიხსნა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ღვინის დაგემოვნება.
ზოგ რესტორანს აქვს საკუთარი მარანი, სადაც სტუმარს შეუძლია შესვლა და დათვალიერება (მაგ. ქართული ღვინის პალატა მცხეთაში, რესტორანი „ღვინო“ ახალ აღმაშენებელზე და ა.შ.).
ტარდება ძალიან ბევრი ღონისძიება და ფესტივალი ღვინის თემატიკაზე. შიდა ქართლში წარმოდგენილი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები იშვიათია და არ არის ცნობილი ტურისტებში, თუმცა, ბევრი ქართველი აფასებს გორულ მწვანეს, შავკაპიტოს, თავკვერს და ჩინურს.
შიდა ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღვინის ტურიზმის ატრაქციაა შატო მუხრანი – პირველი ქართული შატო, რომლის საქმიანობაც ეფუძნება მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებას, რომელიც შექმნა ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა ივანე მუხრანბატონმა.
შატო მუხრანში ტარდება ღვინის ტურები, რომელშიც შედის სასახლის დათვალიერება, ჩურჩხელის ამოვლება, თონის პურის გამოცხობა და, რა თქმა უნდა, დეგუსტაცია.
კიდევ ერთი აღსანიშნავი ადგილია გურამიშვილის მარანი საგურამოში, რომელიც ეკუთვნის კომპანიას „კახური ტრადიციული მეღვინება“. მათ წარმოდგენილი აქვთ გურამიშვილის ისტორიული მარანი, ახალი აშენებული ღვინის ქარხანა, ლაბორატორია, სადაც ღვინო გადის სინჯებს და რესტორანი, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ მათი დამზადებული ღვინო და ქართული ტრადიცული კერძები.
შედარებით რთული ვითარებაა რაჭასა და იმერეთში.

საქართველოს ღვინის ტურიზმი – რაჭა

რაჭის ხვანჭკარა და ალექსანდროული ცნობილია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რეგიონის ბუნება ულამაზესია. განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა კურორტი – ხიდიკარი და საკურორტო ადგილები – წესიგორა, ურავი, ბარი, სხეფური, ქვედის ტბა.
მხარეში ბევრი საინტერესო ისტორიული ძეგლია:
აღსანიშნავია ნიკორწმინდა, ბარაკონი, კვარაციხე, ციხეთა კომპლექსი – “დახვდი”, “დაჰკარი” და “არ გაუშვა”, ონის საუკუნოვანი სინაგოგა და ა. შ.
თუმცა, ტურიზმი, როგორც ასეთი, აქ ნაკლებადაა განვითარებული.
ამიტომ აუცილებელია რაჭის ტერიტორილი ბრენდის შექმნა. ღვინის ტურიზმის კუთხით ეს მომგებიანი იქნება, რადგან აქაური ღვინოები ძვირფასი და იშვიათია.
რეგიონის ბუნებრივი პირობები ხელს უწყობს, რომ შეიქმნას ისეთი კომპლექსი როგორიცაა, მაგალითად, შუხმანის მარანი კახეთში, აშენდეს რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო, რომლის შემოგარენში იქნება ვენახები და საოჯახო მარნები, სადაც ჩატარდება ღვინის ტურები.
რაჭა განთქმულია ღვინით და ულამაზესი ლანდშაფტებით, რეგიონში წარმოდგენილია ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ამიტომ ამ ეტაპზე ჭირდება ინვესტიციები და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება ტერიტორიის ბრენდის შექმნისთვის.

იმერეთი

რაც შეეხება იმერეთს, აქ უკვე დაწყებულია მუშაობა ტურისტულ ტერიტორიულ ბრენდზე.
დინოზავრის ნაკვალევი და პრომეთეს მღვიმეები საკმაოდ პოპულარული დესტინაციაა.
ბრენდის ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობაა მომხმარებლის სურვილების დადგენა.
იმერეთში ბევრი ისტორიულ-კულტურული ძეგლია, მაგალითად, ბაგრატის ტაძარი, რომელიც აგებულია 1003 წელს და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედიოდა რეკონსტრუქციამდე, იარაღის მუზეუმი, ვლადიმირ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი და ა.შ.
მაგრამ იმერეთის ბრენდის ჩამოყალიბაბზე სწორედ დინოზავრის ნაკვალევმა და მღვიმეება ითამაშეს წამყვანი როლი.
ეს იყო სიახლე, იმერეთი უფრო პოპულარული გახდა, როგორც ტურისტული ატრაქცია. ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის ამ მხარეს აქვს ყველა წინაპირობა.
იმერეთის სუფრა და იმერული სტუმართმასპინძლობა ძალიან განთქმულია და ეს შეიძლება იყოს ენოტურიზმის ტერიტორიული ბრენდის შექმნის წინაპირობა, რა თქმა უნდა, ღვინოსთან ერთად.
აქაური ცოლიკაურისგან, ციცქა და კრახუნასგან მშვენიერი ღვინოები გამოდის.
თან უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არსებობს ქვევრის ღვინის დაყენების კახური და იმერული მეთოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეღვინეობას აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ჩემი აზრით, იმერეთს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ განავითაროს ღვინის ინდუსტრია, როგორც კახეთში. იმერეთში უკვე შენდება დიდი მარნები და აღინიშნება საოჯახო მარნები, რომლებიც ატარებენ ტურებს, მაგალითად, ჩიქოვანების მამულის კომპლექსი, რომელიც მოიცავს სასტუმროს, რესტორანს და იმერული ხასიათის ტრადიციულ მარანს.

აჭარა

აჭარის რეგიონი შედარებით ახალგზრდაა ღვინის ინდუსტრიაში, თუმცა, უკვე შესამჩნევ წარმატებებს მიაღწია. 201 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპნისთავის მკვიდრმა ხასან კახიძემ საკუთარ ნაკვეთში აღმოაჩინა მარანი, რომელიც VI-XI საუკუნეებს განეკთვნება.
ეს ფაქტი მოწმობს, რომ აჭარაში მეღინეობა ძველ დროშიც იყო განვითარებული (სპუნიკ საქართელო, 2015). ვფიქრობ, რომ ამ მხარეს აქვს ღვინის ტურიზმის განვითარების პერსპექტივა, რადგან აჭარა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონი საქართველოში.
თავის დროზე, საქართველოს მთავრობამ კარგად დაუჭირა მხარი რეგიონის განვითარებას და მოიზიდა ბევრი ინვესტიცია.
ბათუმი, ფაქტობრივად, მეორედ აშენდა. აჭარის მხარე გამორჩეულია იმით, რომ აქვს სანაპირო ზოლიც და მთის კურორტებიც.
ბუნება გამოირჩევა სილამაზით და ტერიტორიაზე რამდენიმე ნაციონალური პარკია წარმოდგენილი.
აქ უკვე განვითარებულია ტურიზმის ისეთი სახეობები, როგორიცაა ეკოტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, საზღვაო.
ასევე, ბათუმი ცნობილია სამორინეებით და ღამის ცხოვრებით. ღვინის ტურიზმის ჭრილში, საქართველოსთვის აჭარა შეიძლება იყოს „ახალი სამყაროს“ წარმომადგენელი და ახლებური ხედვა შემოიტანოს ქვეყნის ღვინის ინდუსტრიაში.
უკვე არის რამდენიმე დიდი მარანი, რომელიც აწყობს ღვინის ტურებს, ესენია: აჭარული ღვინის სახლი, მახოს მარანი, ზურავ ავალიანის მარანი, შოთა მიქელაძის მარანი და სხვა.
აჭარაში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ასევე დიდად უწყობს ხელს ოჯახში დაყენებული ღვინის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ბათუმში.
ტურისტული ტერიტორიის ბრენდის შექმნა რთული პროცესია, რომელიც მოიცავს ბევრ ეტაპს.
ძლიერი ტურისტული ბრენდის შექმნა არის წლების სამუშაო ინფორმაციულ, ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში.
როდესაც ქმნი ბრენდს, აუცილებელია პარალელურად გააკეთო შედარებები სხვა ამ სახის ბრენდებთან, გაანალიზო განსხვავებები და უპირატესობები.
აუცილებელია მთავრობის მხარდაჭერა.
საქართველოს შემთხვევაში ღვინის სექტორს აქვს დიდი პრივილეგიები, რადგან ითვლება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ტრადიციულ და წამყვან დარგად.
კანონმდებლობაში „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ნათლად წერია, რომ მთავრობა ყველანაირად შეუწყობს ხელს საქმიანობის ამ სფეროს.
ამ ღონისძიებების სიაში, აღსანიშნავია საქართველოს ღვინის გზის შედგენა.
თავდაპირველად მასში ძალიან ბევრი მარანი შედიოდა, თუმცა ბევრმა ვერ გაამართლა მოლოდინი (ცუდი მომსახურეობა, დაბალი ხარისხის საოჯახი ღვინო, საჭირო ინფრრასტრუქტურის არარსებობა).
ამიტომ მიმდინარეობს ამ გზის გადახედვა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გზაზე არსებული მარნების იდენტიფიცირების, შეფასებისა და ფოტო ფიქსაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
იქმნება ელექტრონული ბაზა, სადაც ნებისმიერი მსურვეი შეძლებს მოძებნოს კონკრეტული მარანი.
ქვეყნის მასშტაბით რეკომენდირებული მარნებისთვის მზადდება მიმართულების მანიშნებლები და სახელობითი დაფები.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საოჯახო მარნებისთვის იწყება ტრენინგები სხვადასხვა თემებზე.
მათ შორის ქართული ღვინის ისტორია, ღვინის დაგემოვნების ხელოვნება, ფინანსები/ბუღალტერია, საბაზისო უცხო ენა.
ასევე მზადდება საინფორმაციო სარეკლამო მასალები (ღვინის რუკა და გზამკვლევი), სადაც შეყვანილი იქნება ინფორმაცია რეკომენდირებული მარნების შესახებ და გავრცელდება უფასოდ ადმინისტრაციის ხელთ არსებულ ინტერნეტ პლატფორმისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების საშუალებით.
მთავარ საავტომობილო გზებზე განთავსდება მიკრო ზონების ადგილწარმოშობის ღვინოების აღმნიშვნელი სტელები (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაცია).
ღვინის გზის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ტურისტების მოსაზიდად მსოფლიო მასშტაბით. როგორც პირველ თავშია აღწერილი, ყველა ქვეყანას, რომელიც ჩართულია ღვინის ტურიზმში აქვს ჩამოყალიბებული მარშრუტები.
ეს არის ტერიტორიის ბრენდინგის შემადგენელი ნაწილი.
ტერიტორიის ბრენდის ამუშავებისთვის და სასურველი შედეგების მიღწევისთვის აუცილებელია კლასტერის არსებობა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ღვინის ტურიზმის კლასტერები აერთიანებენ ტერიტორიებს, რომლებიც იზიდავს ტურისტებს ლამაზი ლანდშაფტის, კულტურულ- ისტორიული ატრაქციების, ღვინის წარმოების კომბინაციით. რეგიონების განხილვამ, გვიჩვენა, რომ საქართველოს აქვს ეს პირობები.
ამიტომ იმისათვის, რომ შევქმნათ ტერიტორიის ბრენდი, თავდაპირველად უნდა ჩამოვაყალიბოთ მიკრო-კლასტერები.
როდესაც არის წარმოდგენილი ქვეყნის საერთო და თან მრავალფეროვანი სურათი, ტურისტის გადაწყვეტილების მიღება ბევრად უფრო მარტივია. მან იცის, რომ ერთ ქვეყანაში ელოდება ბევრი ატრაქცია და ბევრი ღონისძიება.
საქართველოს შემთახვევაში, ვფიქრობ, თითოეულ მხარეს შეუძლია მიკრო-კლასტერის შექმნა და გამოყოს რეგიონის კონკრეტული დამახასიათებელი თვისებები.
ნაშრომიდან ჩანს, რომ რეგიონების მიხედვით ღვინის ინდუსტრია განსხვავდება ვაზი ჯიშებით, ქვევრის და მარნის ტიპებით, სამზარეულოთი და ტრადიციებით.
ევროპაში ღვინის ტურიზმი უკვე საკმაოდ პოპულარულია, მათ გააჩნიათ საჭირო ინფრასტრუქტურა და ევროპული ღვინოები ცნობილია მთელ მსოფლიოში.
საქართველომ უნდა შეისწავლოს ღვინის ინდუსტრიის წამყვანი ქვეყნების გამოცდილება და განსაზღვროს რა უპირატესობები შექმნას ტურისტების მოსაზიდად.
ბოლო წლების არქეოლოგიური აღმოჩენები ძალიან ეხმარება ქვეყანას ტურისტული ტერიტორიის ბრენდის, როგორც „ღვინის სამშობლოს“, ჩამოყალიბებაში.
შესაბამისად, საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია წარმატებული ღვინის ტურიზმის ტერიტორიის ბრენდის შექმნისთვის:

  • ტურიზმი – ბოლო წლების მანძილზე აქტიურად ვითრდება და იზრდება ტურისტების რაოდენობა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად 2015 წელს ტურისტების რაოდენობა შეადგენდა 5,255,999 მლნ-ს, 2016-ში – 5,392,816 მლნ-ს, ხოლო 2017 დაფიქსირდა რეკორდული ზრდა 20,2% და ტურისტების რაოდენობამ შეადგინა 6,482,830 მლნ. 2017 წელთან შედარებით, 2018 წლის პირველ 5 თვეში უკვე შეინიშნება სტუმრების რაოდენობის ზრდა 16,9%
  • ექსპორტული ბრენდები – მსოფლიოს 54 ქვეყანაში გადის ქართული წარმოების ღვინო.
  • პოლიტიკა – მთავრობა ხელს უწყობს ღვინის ინდუსტრიას, რაც გამოიხატება სუბსიდიებში და სხვა ქვეყნებთნ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებში.
  • ბიზნესი და ინვესტიციები – ფაქტია, რომ საქართველოთი ინტერესდება ბევრი უცხოელი კომპანია და ბოლო წლების მანძილზე ქვეყანაში ბევრი ინვესტიცია ჩაიდო.
  • კულტურა – ღვინის წარმოების 8000 წლიანი ტრადიცია და მდიდარი ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა, რასაც ამტკიცებს გადაჭრილ გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი კერამიკული ჭურჭელი ღვინის ნარჩენებით.
  • ხალხი – ცნობილია, რომ გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით, ძალიან მეგობრული და მხიარულია.

სოფიკო სამადაშვილი . ღვინის ტურიზმის გეოგრაფია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში . სამაგისტრო ნაშრომი . თბილისი, 2018


ღვინის ტურიზმი